ჯეოსტარი 2011 – მარიტა როხვაძე

ჯეოსტარის 2011 წლის სეზონი 31 დეკემბერს დასრულდა! ახალ წელს, მარიტა როხვაძე შეხვდა გამარჯვებულის ტიტულით. ფინალში, ლევან კბილაშვილსა და მას შორის, ძალიან თანაბრად ნაწილდებოდა დღის განმავლობაში  შემოსული ხმების პროცენტული მაჩვენებლები. თუმცა, ბოლოს, 249 140 ხმიდან  52,22%  მარიტას ერგო!

ფოტოს ავტორი - Geocell

ჯეოსტარის სპონსორებს, ბევრი პრიზი ჰქონდათ დაწესებული რჩეულებისთვის. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკო ბერიძე გახდა უმრავლესობის რჩეული.  საინფორმაციო ცენტრმა 08-მ, მას iPhone გადასცა. ის რადიო ფორტუნას რჩეულიც გახდა და Fortuna Records-ში ის სიმღერას ჩაწერს!

თიბისი ბანკის და ჯეოსტარის ერთობლივ გვერდზე, სადაც მთელი სეზონის მანძილზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა, გამოვლინდა გამარჯვებული, თიბისი ბანკი ნიკოს პორტუგალიაში, coldplay-ს კონცერტზე დასასწრებ ორ ბილეთს და ერთ კვირიან საგზურს გადასცემს.

რაც შეეხება დანარჩენ ცამეტ მონაწილეს, ჯეოსელისგან ყველას გადაეცა ანდროიდის ტიპის ტელეფონი და ჯეოსელის ინტერნეტ მოდემი.

ფინალისტებიდან ორივეს, არქიმედეს გლობალ ჯორჯიას სერთიფიკატები გადაეცა. ლევანს 3000 ლარიანი მობი ჩეკი.

ასევე, თიბისი ბანკმა, გადაწყვიტა მარიტას და ლევანის ყველაზე დიდი ოცნებები აესრულებინა – ლევანი ბრაზილიაში დაესწრება კარნავალს, მარიტა კი ორკაციან საგზურს მიიღებს ეგვიპტეში სამოგზაუროდ.

მთავარ პრიზები კი, CD ალბომი და ბინა ბათუმის ბულვარში რუსთავი2-სგან, ის მარიტა როხვაძეს გადაეცა!

ასე დასრულდა “ჯეოსტარი 2011″, რომელსაც მთელი სეზონის მანძილზე ერთად ვადევნებდით თვალ-ყურს. მადლობა მაყურებელს, რომელიც ყველა ორშაბათს უყურებდა ამ პროექტს, ან აქტიურად კითხულობდა ბლოგს. გემშვიდობებით მომავალ სეზონამდე!

ჯეოსტარის ფინალი – დღეს!

დღეს, 31 დეკემბერს, 2011 წლის ბოლო საათებში ჯეოსტარის ფინალისტების ბედი გადაწყდება! მარიტა როხვაძე და ლევან კბილაშვილი, უკვე რამდენიმე თვეა გულშემატკივრების წყალობით, ყოველ ორშაბათს ფილარმონიის სცენაზე დგანან. ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა. ერთ-ერთი მათგანისთვის, ახალი, 2012 წელი უბედნიერესი იქნება, რადგან ახალ წელს ჯეოსტარ 2011-ის ტიტულით შეხვდება!

ფინალური ლაივ კონცერტი ის მიზეზია, რის გამოც ცოტა ხნით უნდა მოსწყდეთ საახალწლო სამზადისს და გვიყუროთ რუსთავი2-ის ეთერში 18:30 საათზე. ყველაზე აქტიური გულშემატკივრები კი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიკავებენ ადგილებს.

დღეს, არამარტო ფინალისტებს, არამედ დანარჩენ მონაწილეებსაც ბევრი სიურპრიზი ელით. ლევანს და მარიტასაც ძალიან ბევრი პრიზი გადაეცემათ, თუმცა, მთავარ პრიზებს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტს, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ:

მარიტა როხვაძე -3005

ლევან კბილაშვილი – 3009

შეგახსენებთ, რომ დღეს ისინი შეასრულებენ 3-3 სიმღერას. მათ შორის, დუეტებს წინა სეზონების გამარჯვებულებთან და კონცერტი დასრულდება ოთხეულის მიერ შესრულებული, ძალიან თბილი, საახალწლო განწყობის სიმღერით:)

ასე რომ, არ გამოტოვოთ ეს გრანდიოზული სანახაობა და შემოგვიერთდით!

ფინალის რეპერტუარი

31 დეკემბერს, ყველაზე აქტიური საახალწლო სამზადისის დროს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და რუსთავი2-ის ეთერში, ჯეოსტარის ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი დგება!  გაგაცნობთ იმ სიმღერების ჩამონათვალს, რომელიც ამ გრანდიოზულ ლაივ კონცერტზე შესრულდება.
ფინალისტებს რთული მისია აკისრიათ, რადგან რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ და დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ ბოლომდე ენერგიულად იდგნენ სცენაზე. გარდა ამისა, ვნახავთ და მოვისმენთ წინა სეზონის გამარჯვებულებთან, გიორგი სუხიტაშვილთან და ოთო ნემსაძესთან დუეტებსაც!

გაეცანით რეპერტუარს:

  • მარიტა როხვაძე – “მხარე ლამაზო” (კომპ.რუსუდან სებისკვერაძე)
  • ლევან კბილაშვილი – “სულ ზევით ზევით” (კომპ. მამუკა ჩარკვიანი)
  • მარიტა როხვაძე – Adele, “Chasing Pevements”
  • ლევან კბილაშვილი  - Adriano Celentano, “Gelosia”
  • მარიტა როხვაძე და გიორგი სუხიტაშვილი – Michael Jackson and Diana Ross, “Ease on down the road” 
  • ლევან კბილაშვილი და ოთო ნემსაძე – Joe Cocker, “Come Together”
  •  მარიტა როხვაძე, ლევან კბილაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე – “ფიფქებო” (კომპ.გიული დარახველიძე)

 

სეზონის შეჯამება – თეა ყიფშიძე

გთავაზობთ ჯეოსტარის პროდიუსერის, თეა ყიფშიძის პოსტს წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით:

“ჯეოსტარში” 2008 წლიდან ჩართული ვარ. ანუ, მას შემდეგ, რაც ბრიტანული პროექტის “Pop Idol”-ის ქართული ვერსიის შექმნა განიზრახა რუსთავი 2-მა. პირველი წელი სამუშაოდ ყველაზე რთული იყო, ჩვენთვისაც პირველი შეჭიდება აღმოჩნდა დიდ, მრავალფეროვან, საინტერესო პროექტთან. ამას გარდა, პირველი ჯეოსტარის ქასთინგს დაემთხვა 8 აგვისტოს დაწყებული ომიც რუსეთთან. ახლაც მახსოვს, 8-ში დილით, მთელი გადამღები ჯგუფი გორში მივემგზავრებოდით ქასთინგზე. მას შემდეგ იყო “ჯეოსტარი 2009”, “ჯეოსტარი 2010” და წლევანდელი, “ჯეოსტარი 2011”.

ეს სეზონი,  მართლაც განსხვავებული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. უპირველესად, ამ განსხვავებულობას ქმნიდა ახალი ჟიური, რომელთან მუშაობაც საინტერესო და სახალისოც იყო. სოფო ხალვაში, გიგი დედალამაზიშვილი და ნიკო ნერგაძე,  ადამიანები, რომლებიც თითქმის არ იცნობდნენ ერთმანეთს, ძალიან მალე შეხმატკბილდნენ და ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნეს კასტინგების მსვლელობისას. მოგვიანებით, როცა მათ მარინა ბერიძე შეუერთდა, ყველაფერმა კიდევ უფრო საინტერესო სახე მიიღო. იყო აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება ყოველთვის სამართლიანი იყო. წლევანდელ ჯეოსტარზე  მოვიდნენ მკვეთრად ინდივიდუალური მონაწილეები და ეს საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევდა.

კონცერტების დაწყებამდე “რუსთავი2”-ის მაყურებელი უკვე კარგად იცნობდა თითქმის ყველა ჯეოსტარელს. იცოდა, რომ ნიკა გურასპაშვილი კინოს მხატვარია და ბავშვობაში ჯანსუღ კახიძის კაპელაში მღეროდა, რომ გიორგი მაღლაფერიძე-დადეშქელიანი ადამიანი-ორკესტრია, რომელსაც სახლში ყველა ინსტრუმენტი აქვს და ბენდიც ჰყავდა, თეკლა კალმახელიძეს დღიურების წერა უყვარს, გიორგი გოგიშვილს მშვილდოსნობა იტაცებს, ხატია ესიტაშვილს ოჯახი საბერძნეთში ყავს და თავადაც იქ ცხოვრობს, ნიკო ბერიძე, კოტეს როლის შემსრულებელი, “ჯეოსტარის” ქასთინგზე ბათუმში “ქეთო და კოტეს”  პრემიერის წინა დღეს მოვიდა, ანდრია გველესიანი მსახიობია, რომელმაც “ჯეოსტარის” ქასთინგისთვის უილიამ შექსპირის “ჰამლეტი”  მოიშველია და ყველგან იორიკით დაიარებოდა და ა.შ… მოკლედ, კონცერტების წინ დიდი მოლოდინი იყო და უკვე ყველას ჰყავდა თავისი ფავორიტი.

მაყურებლის განსაკუთრებულ დაინტერესებას ადასტურებდა ისიც, რომ “ჯეოსტარი 2011”-ის სერიები სატელევიზიო სივრცეში ყველაზე მაღალი რეიტინგით გამოირჩეოდა.

მერე დაიწყო კონცერტები… და დაიწყო მუსიკალური კონკურსი! როგორც ყოველთვის, წელსაც იყო უკმაყოფილო მაყურებელი, რომელსაც ამა თუ იმ კონკურსანტის წასვლა გულს განსაკუთრებულად ტკენდა, თუმცა საბოლოოდ, სწორედ მათი გადაწყვეტილებით, “ჯეოსტარის”  ფინალში მარიტა როხვაძე და ლევან კბილაშვილი დარჩნენ. მარიტას განსაკუთრებულმა მონდომებამ ხალხის მხარდაჭერა მოაპოვებინა. 18 წლის ქუთაისელი გოგონას მუსიკალური ოცნება ჯერ კიდევ მაშინ ახდა, როცა ის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ჯეოსტარელის რანგში დადგა. ლევანს კი მხარდამჭერები არც შარშან აკლდა და მისმა მიზანმა, უფრო მეტი გაეკეთებინა უკვე მეორედ და მიცემული შანსი მაქსიმალურად გამოეყენებინა, ახალი თაყვანისმცემლები შესძინა.

ასე რომ, ახლა ფინალური დუელის მოლოდინში ვართ. ორივე ღირსეული კონკურსანტია და მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული, მათგან რომელი გახდება ჯეოსტარი 2011”. ეს დუელი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინ გაიმართება. მარიტა და ლევანი 2011 წლის ბოლო სასწაულის მოლოდინში არიან. ჩვენ კი მაყურებელს ვპირდებით, რომ ფინალი იქნება გრანდიოზული, რომელიც გულგრილს არც ერთი თაობის წარმომადგენელს არ დატოვებს. უამრავი პრიზი და სიურპრიზი გელოდებათ თქვენც და თქვენს ფავორიტებსაც.

ცოტა ხნით დაივიწყეთ საახალწლო სამზადისი და უყურეთ რუსთავი 2”-ს 31 დეკემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე. გამარჯვებულს ხომ თქვენ ავლენთ?!

ვის გულშემატკივრობთ ფინალში?

წინა ორშაბათს, ჯეოსტარი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა! სეზონის ფინალი, უკვე ტრადიციულად, 31 დეკემბერს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორშაბათია, ეთერში არ ვართ და კონკურსის მთავარი კონცენტრაცია, ახლა ფინალისთვის მზადებისკენ არის მიმართული.

დარჩენილი ორი ფინალისტიდან, მხოლოდ ერთი მიიღებს მთავარ პრიზებს. თუმცა, სპონსორებისგან დასაჩუქრდება მეორე ფინალისტიც და არა მხოლოდ ფინალისტები…

31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა ხნით ადრე,   მარიტა, ან ლევანი ჯეოსტარის ტიტულს მოიპოვებს და მხოლოდ გულშემატკივრები გადაწყვეტენ, ვინ გახდება ჯეოსტარ 2011!

  

შეგახსენებთ, რომ უნდა უგულშემატკივროთ მათ და დაურეკოთ შესაბამის ნომრებზე. ბლოგზეც დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება და გულშემატკივრობა:

 

ვის გულშემატკივრობთ ფინალში?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...

აქვე გეტყვით, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე, სანამ ფინალისთვის სამზადისი მიმდინარეობს, აუცილებლად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას პროექტის ხელმძღვანელებისგან, თუ როგორ აფასებენ ისინი სეზონს, რა იგეგმება ფინალში და რას ვნახავთ 31 დეკემბერს : )

XI ტურში შესრულებული სიმღერები – Mp3

ლევან კბილაშვილი – Guantaramera / Cucurrucucu Paloma

მარიტა როხვაძე – Eres todo en mi / Butacada

მარი ჯომარდიძე – The Girl From Ipanema/ Samba de una nota so

XI ტურის შედეგები – გამოვლინდა ორი ფინალისტი!

გუშინ ჯეოსტარის მეთერთმეტე ლაივ კონცერტი შედგა. დარჩენილმა სამმა კონკურსანტმა, ლათინო-ამერიკული რეპერტუარიდან 2-2 სიმღერა შეასრულა.  მათ მხარდასაჭერად, 51 868 ხმა შემოვიდა  და გადაწყდა ორი ფინალისტის ვინაობა!

 პროექტს გამოეთიშა  მარი ჯომარდიძე,  რომელსაც ყველაზე  ნაკლები პროცენტული  მაჩვენებელი ჰქონდა.  მაყურებლის  გადაწყვეტილებით   კი , ფინალში, 31 დეკემბერს სცენაზე იდგებიან:

მარიტა როხვაძე 

და

ლევან კბილაშვილი 

პროცენტული მაჩვენებლები ასეთი იყო:

  • მარიტა როხვაძე – 53%
  • ლევან კბილაშვილი – 44%
  • მარი ჯომარდიძე – 3%

თქვენ რას ფიქრობთ შედეგებთან დაკავშირებით? წლევანდელი სეზონის ფინალისტების ვინაობით რამდენად კმაყოფილი ხართ?

XI ლაივ კონცერტი დაიწყო!

მეთერთმეტე ლაივ კონცერტი დაიწყო! დარჩენილია მხოლოდ 3 კონკურსანტი, რომლებიც დღეს 2-2 სიმღერას შეასრულებენ ჯეოსტარის სცენაზე, რომელიც  უკვე საახალწლოდაა მორთული : )

ფინალის მოახლოებაც იგრძნობა და სწორედ დღეს გავიგებთ,  ვის ვიხილავთ 31 დეკემბერს ჯეოსტარის ფინალურ ლაივ კონცერტზე.

უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტს:

  • მარიტა როხვაძე – 3005
  • მარი ჯომარდიძე -3006
  • ლევან კბილაშვილი – 3009


თვალი გვადევნეთ ფეისბუქ გვერდზეც – http://www.facebook.com/tbcgeostar და შეგახსენებთ, რომ აქ, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით coldplay-ს კონცერტზე გაემგზავრება გამარჯვებული. ამ ეტაპზე, ყველაზე მაღალი რეიტინგი ნიკო ბერიძეს აქვს და სწორედ ის არის გამარჯვების რეალური კანდიდატი.

გვიყურეთ რუსთავი2-ის ეთერში და ერთად გამოვავლინოთ ორი ფინალისტი!

თიბისი ბანკის Facebook გამარჯვებულის პრიზი – Coldplay პორტუგალიაში!

ლაივ კონცერტის დაწყებისთანავე, პარალელურად თიბისი ბანკის და ჯეოსტარის ერთობლივ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა მონაწილეებისთვის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. ყოველკვირეული რეიტინგის საფუძველზე, ვინც ყველაზე მეტჯერ მოიპოვებდა ყველაზე მეტ ხმას, საერთო რეიტინგში წინა პოზიციებს იკავებდა. საბოლოოდ, გამარჯვებულს, როგორც დაგპირდით დიდი სიურპრიზი ელოდა და ეს სიურპრიზი, ფინალამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი:

მაშ ასე, თიბისი ბანკი გამარჯვებულს გადასცემს 2 ბილეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის,

Coldplay-ს კონცერტზე!!! 

სულ ახლახანს, მათ გამოუშვეს ალბომი “Mylo Xyloto”, რომლის ფარგლებში მსოფლიო ტურნეც დაიწყეს. კონცერტი, რომელსაც გამარჯვებული დაესწრება, პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში  გაიმართება 18 მაისს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სტადიონზე

პრიზში, ბილეთებთან ერთად, 1 კვირიანი საგზურიც შედის ორი ადამიანისთვის!

დარჩა სულ ცოტა დრო გამარჯვებულის გამოსავლენად. იაქტიურეთ, ხმა მიეცით თქვენს ფავორიტ ჯეოსტარელს იმის მიუხედავად, არის, თუ არა ის დარჩენილ მონაწილეებში და დაეხმარეთ ამ გრანდიოზული პრიზის მოგებაში:

http://apps.facebook.com/tbcgeostar/

ლევანი – 3009

ლევან კბილაშვილი წინა სეზონის მონაწილეა. როგორც ყველამ კარგად იცით, ის 2010 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოეთიშა პროექტს და მაშინვე ცნობილი გახდა, რომ ახალ სეზონში, ყოველგვარი კასტინგის გარეშე მოხვდებოდა ფინალისტების საბოლოო შემადგენლობაში.

ახალმა მონაწილეებმა და მაყურებელმაც, ის დადებითად მიიღო და სეზონის ერთ-ერთი ფავორიტიც ითვლება. მის მიმართ, ყოველთვის დადებითი შეფასებები ისმის ჟიურის მხრიდან. ყველა ხაზს უსვამს მის ემოციურობას და განსაკუთრებულ მუხტს სცენაზე დგომისას.

ლევანისთვის ყველა ტური მნიშვნელოვანი იყო და ყველა სიმღერა თავისებურად საყვარელი. თუმცა, თვითონ ხალხმა გამოარჩია მისი რამდენიმე ნამღერი და განსაკუთრებით ფოლკლორის და ჯეოსტარელებთან დუეტების ტურს მოჰყვა გამოხმაურება.

პროფესიული კუთხით, წინა სეზონისგან განსხვავებით, ახლა კომპლექსები მოეხსნა პირველივე ტურებში. მიხვდა, რომ თავად უნდა მიიღო სიამოვნება საკუთარი შესრულებით და ამ კუთხით მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ყველაზე რთულად, შედეგების გამოცხადების მომენტს ხვდება. განსაკუთრებით ნიკო ბერიძის გვერდით აუტსაიდერებში ყოფნა გაუჭირდა. თვლის, რომ ნიკო არ იმსახურებდა წასვლას და დღესაც უნდა ყოფილიყო პროექტში. პრობლემატური იყო სტივი ვანდერის ტურიც. მართალია დაძლია, მაგრამ სხვებთან შედარებით, სუსტად მიაჩნია.

ჟიურის წევრების მხრიდან, მისი მისამართით არ ყოფილა არასდროს სხვადასხვა აზრი და ყველა თანხმდებოდა დადებით შეფასებებზე. გამორჩეულად მარინა ბერიძის შეფასება ნიშნავს მისთვის ბევრს. სხვა მონაწილეებს რაც შეეხება, თვლის, რომ წელს ყველა ინდივიდუალური იყო და საინტერესო სეზონი შედგა.

სამეულში ყოფნა გასამმაგებული პასუხისმგელობაა. რამდენიმე თვეა პროექტი გრძელდება, დამღლელი იყო ყველაფერი, მაგრამ როგორც ამბობს “ბოლო ძალები უნდა მოვიკრიბოთ”.

არ ეგონა, თუ აქამდე მოვიდოდა და ბედნიერია, რომ ხალხი გვერდში უდგას. იმედი აქვს, რომ ასე გაგრძელდება და რადგან მათზეა დამოკიდებული მისი ფინალამდე მისვლა და გამარჯვება.

ჯეოსტარის დასრულების შემდეგ, “დათვივით ბუნაგში უნდა დავისვენო” – ამბობს ლევანი :)) თუმცა, დასვენების შემდეგ, უნდა ჩაწეროს ბევრი  ქართული სიმღერის ახლებური ვერსიები  შესთავაზოს მსმენელს, განაგრძოს მოღვაწეობა ფოლკლორში და შესაძლოა, თავადაც შექმნას ანსამბლი.

უგულშემატკივრეთ ლევანს, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 3009!

მარი – 3006

მარი, პროექტის ფორმატის გამო, სადაც მონაწილეების სიმრავლის გამო ყველა მათგანზე თანაბრად ვერ კეთდება აქცენტი, ფაქტობრივად, პირველი ტურის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ და როგორც ჩანს, გულშემატკივრებიც შეიძინა, რადგან მთავარ სამეულში იკავებს ადგილს.

მარისთვის გამორჩეულად საყვარელი სიმღერები ამ ათი ტურის რეპერტუარიდან, ოთარ რამიშვილს სიმღერა “ფუტკარი”, ხალხური სიმღერების ტურში შესრულებული სიმღერა და ჯეოსტარელებთან დუეტების ტურში ზურა მოსიავასთან ნამღერი იყო. ასევე, კმაყოფილია მერაბ სეფაშვილის რეპერტუარის შესრულებით.

პროფესიული კუთხით, დიდი გარდატეხა მოხდა. ამდენი ტურის შემდეგ, ბევრი რამ გააანალიზა. ამის მიუხედავად, თვლის, რომ ბოლომდე ვერ მოახდინა შესაძლებლობების რეალიზება  სხვადასხვა გარემოებების გამო.  თუმცა, ეს გამოცდილება შემდგომში აუცილებლად გამოადგება.

ჟიურის წევრებისგან კომპლიმენტიც მიუღია და კრიტიკაც. ყველას მიმართ კარგად არის განწყობილი, თუმცა მარინა ბერიძეს გამოარჩევს და ამბობს, რომ ის ყოველთვის იმას ეუბნება, რასაც იმსახურებს.

სეზონის ფინალისტებს დადებითად აფასებს, თუმცა გული სწყდება, რომ მარიამ პავლიაშვილი და ნიკო ბერიძე დიდხანს არ იყვნენ პროექტში.

ყველაზე მეტ პასუხისმგელობას, სამეულში მოხვედრის შემდეგ გრძნობს. ორ სიმღერას მღერის მეთერთმეტე ტურში, რაც კარგია იმისთვის, რომ უფრო გაიხსნას. ორჯერ ერთსა და იმავე დღეს, ერთ სცენაზე გამოსვლა მეტად გამოაცოცხლებს და რეპერტუარიც შესაბამისია.

თავიდან,  მთელი ამ ემოციების ფონზე ვერ გააცნობიერა, თუ რას ნიშნავს სამეულში ყოფნა, თუმცა, შემდეგ ხალხის მილოცვებმა იმოქმედა და გაიაზრა რა ხდებოდა მის თავს. ეს, პირველ რიგში დიდი წარმატებაა, რომ ამდენი ტური გადალახა და თანაც ასეთი რთული კონკურენციის პირობებში. ვერც წარმოიდგენდა, თუ ამას მიაღწევდა. მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს გვერდში დგომისთვის.

ჯეოსტარის შემდეგ, აუცილებლად გააგრძელებს სიმღერას, შეძლებს თავის რეალიზებას, დიდი ზემოქმედება მოახდინა ამ პროექტმა: “გამხადა დამოუკიდებელი, სხვანაირად ვაფასებ ყველაფერს და ამით არა თუ მთავრდება ყველაფერი, არამედ უკვე დაიწყო და გაგრძელდება!”

მართალია ამ კონკურსამდე იცოდა თავისი ჟანრი, ქართული ტრადიციული სიმღერა, მაგრამ ახლა უფრო დარწმუნდა, რომ მისი სტილი  “სამღერი” სიმღერაა. სცენაზე მოძრაობაც შეუძლია, თუმცა მისთვის უფრო სიმღერაა მნიშვნელოვანი.

უგულშემატკივრეთ მარის, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 3006!

მარიტა – 3005

მარიტა როხვაძე, ქუთაისში ჩატარებულ კასტინგზე აღმოაჩინა ჟიურიმ. მან ყველა ტური წარმატებით გადალახა და წინა კვირას, სამეულშიც მოიპოვა ადგილი. მის მისამართით, ჟიურის იშვიათად აქვს კრიტიკა. ყველა გამოსვლა დასამახსოვრებელია  ენერგიულობით და მაყურებელიც ერთგულად გულშემატკივრობს.

მარიტას სეზონის შესახებ ვკითხეთ შეფასებები. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ყველა ტური თანაბრად საყვარელი იყო. ყველა სიმღერა გაითავისა და ერთნაირი შემართებით შეასრულა. წინა ტურში მცირე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ლათინური მუსიკის საშუალებით, იმ შეცდომებს, რაც ჰქონდა, აუცილებლად გამოასწორებს.

განვლილი ტურების მანძილზე, პროფესიული კუთხით გრძნობს როგორ გაიზარდა. სცენაზე უკვე დაძაბულობის გარეშე დგება და ვოკალურადაც უფრო გამართულად მღერის. “არაჩვეულებრივი სკოლაა, სადაც ჩამოყალიბდები კარგ მომღერლად. შეყვარებული ვარ ჯეოსტარზე!” –  ამბობს მარიტა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა დიდი შრომა და ბევრი სირთულეა. განსაკუთრებით დაძაბულია ორშაბათობით, როცა პროექტში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი წყდება. რეპეტიციები, გადატვირთული რეჟიმიც თავიდან ერთულა, მაგრამ ახლა უკვე მიეჩვია. აუტსაიდერებში დგომაც დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული და ყოველთვის განიცდის შედეგების მომენტს, როცა რომელიმე ჯეოსტარელი ტოვებს პროექტს. განსაკუთრებით ნიკო ბერიძის წასვლის შედეგად დასწყდა გული.

ამ ბოლო პერიოდში კი, დაძაბულობა პიკს აღწევს.  სამეულში ყოფნამ მოუმატა მღელვარება და გულშემატკივრებს სთხოვს, რომ ახლაც ისევე დაუდგნენ გვერდში, როგორც წინა ტურებში. ყველაზე დიდი აქტიურობა სწორედ ახლაა საჭირო.

ჯეოსტარმა ბევრი რამ დადებითად შეცვალა მის ცხოვრებაში. ყველა გამოხატავს სიყვარულს, სრულიად უცნობი ადამიანებიც. გარდა ამისა, თვლის, რომ ყველაზე დიდი წარმატება არა ცნობადობა, არამედ სწორად და ხარისხიანად გაკეთებული საქმეა.

უგულშემატკივრეთ მარიტას, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 3005!